GFSIS https://www.gfsis.org/ge Georgian Foundation For Strategic and International Studies - events. ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა საქართველოში: პროექტის შუალედური შედეგების განხილვა https://www.gfsis.org/ge/events/view/745 2017 წლის 22 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) გაიმართა კვლევის - ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა საქართველოში შუალედური შედეგების განხილვა. კვლევა განხორციელდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამინისტროებისა და უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სოციალური თემატიკით დაინტერესებული ანალიტიკოსები. შეხვედრა გახსნა პროექტის ხელმძღვანელმა, რონდელის ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა პროფესორმა მერაბ კაკულიამ. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ფელიქს ჰეთმა. კვლევის შუალედური შედეგები წარმოადგინა პროექტის უფროსმა მკვლევარმა ნოდარ კაპანაძემ. კვლევის ავტორებმა პასუხი გასცეს დამსწრე საზოგადოების მრავალრიცხოვან შეკითხვებს. შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს პროექტის შუალედური შედეგები და გამოთქვეს არაერთი სასარგებლო შენიშვნა და წინადადება. კვლევის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია ნოემბერში გაიმართება. Fri, 22 Sep 2017 0:00:00 GMT ტრენინგი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის - ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თაობაზე https://www.gfsis.org/ge/events/view/746 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი აცხადებს შერჩევას ტრენინგი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თაობაზე - მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მასმედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საკუთარი შესაძლებლობების ზრდაში, რომ შეძლონ DCFTA-ის განხორციელების პროცესის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება და მონიტორინგი; ჟურნალისტებს - DCFTA-ის თემებზე მუშაობაში, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებას -გაიღრმავოს ცოდნა და უნარ-ჩვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით DCFTA-ის შესრულების მონიტორინგის, გავრცელების, მხარდაჭერისა და მონაწილეობის პროცესში ჩასართავად. პროგრამას ახორციელებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, USAID / "მმართველობა განვითარებისთვის" (G4G) საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით. 3-დღიანი ტრენინგი გაიმართება ფონდის რეგიონულ ოფისში, ქ. ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთში 2017 წლის 2-4 ოქტომბერს. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. 3-დღიანი ტრენინგის პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს: · თავისუფალი ვაჭრობა და ეკონომიკური ინტეგრაციული მოდელები · ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და DCFTA ზოგადი მიმოხილვა · DCFTA: სატარიფო შეზღუდვები - წესები და წარმოშობა · DCFTA: მდგრადი განვითარება · სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები · მომსახურებით ვაჭრობა · DCFTA: კონკურენცია · სახელმწიფო შესყიდვები · ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ჟურნალისტებს, რომლებიც მუშაობენ ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნესკლიმატის, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, მარეგულირებელი გარემოს და სხვა რელევანტურ საკითხებზე, ასევე DCFTA-ისთან დაკავშირებულ სფეროებში ჩართულ მცირე და საშუალო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, პროფესიული და სხვა სახის გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს. შერჩევის პროცესი: პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mbiniashvili@gfsis.org საბუთების მიღების ბოლო ვადა: 27 სექტემბერი, 2017, 18:00 სთ. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორს, მერი ბინიაშვილს, ტელ: 032 2 47 35 55 (სამსახური) Fri, 22 Sep 2017 0:00:00 GMT სალექციო კურსი თემაზე „ირანი და რეგიონი“ https://www.gfsis.org/ge/events/view/744 2017 წლის 18 სექტემბერს შუა აღმოსავლეთის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა და ფონდ ჯეიმსთაუნის შუა აღმოსავლეთის კვლევების უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ალექს ვატანკამ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) ჩაატარა ლექცია თემაზე „ირანი და რეგიონი". კურსი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ირანი - ქვეყნის ისტორია, პოლიტიკური მეტოქეობა: პრეზიდენტი „სხვების" წინააღმდეგ, აშშ-სთან ურთიერთობები, ურთიერთობები სხვა და მეზობელ ქვეყნებთან, არაბული სახელმწიფოები - ბრძოლის მიზეზები. სალექციო კურსი ტარდება „სასწავლო პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს რონდელის ფონდი ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების მომზადება ძალოვან სტრუქტურებში, დიპლომატიურ სამსახურში, არასამთავრობო სექტორსა თუ ბიზნესის სფეროში კარიერის გასაგრძელებლად. Tue, 19 Sep 2017 0:00:00 GMT ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა? https://www.gfsis.org/ge/events/view/743 ავტორი: გიორგი ბადრიძე, რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი 2017 წლის ზაფხული ალბათ ხანძრებით დაგვამახსოვრდება. ვერ გავამტყუნებ მათ, ვინც მიზეზებს, ცხელი და მშრალი აგვისტოს გარდა, მავანის ავ განზრახვაში ეძებს. ამდენ ადგილას ერთდროულად ცეცხლის სტიქია არასდროს დაგვტყდომია. 9 აგვისტოს, ვერა-მთაწმინდის ხანძრის შემდეგ, ფეისბუკის ჩემს გვერდზე დავწერე: „რა დასკვნა გამოიტანა საქართველოს მტერმა გუშინდელი ხანძრიდან: ის, რომ ერთი ასანთით შეიძლება ისეთი ზიანის მოყენება, რასაც ჩვეულებრივ საჰაერო დაბომბვა ან დიდი სახმელეთო ქვედანაყოფის იერიში ჭირდება". ერთი კვირის შემდეგ ხანძრები დაუჯერებელი რეგულარულობით შთანთქავდნენ ჩვენს ტყეებს ბორჯომის ხეობაში, აბასთუმანში, აჭარაში, კახეთში, თუშეთში და კიდევ ვინ მოთვლის სად?! ვერ ვამტკიცებ, რომ ისინი ჩვენმა მტერმა გააჩინა - ამას, იმედია, გამოძიება დაადგენს, მაგრამ, ვფიქრობ, არავის ეპარება ეჭვი, რომ, სულ მცირე, ეს შესაძლებელია. პირველივე შემთხვევებმა გამოავლინა, რომ ქვეყანა ამგვარი გამოწვევებისთვის მზად არ არის - აშკარად გამოიკვეთა, რომ ჩვენს ხელისუფლებას არ გააჩნია საკმარისი საკუთარი ტექნიკური საშუალებები. ხანძრების უმეტესობა ძნელად მისადგომ მთიან ადგილებში ჩნდებოდა და მათი ჩაქრობა ავიაციის გარეშე შეუძლებელი აღმოჩნდა. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევებში პარტნიორების, პირველ რიგში, უახლოესი მეზობლების დახმარებას ითხოვენ. აზერბაიჯანმა და თურქეთმა თავიანთი ავიაციით ასეთი დახმარება მაშინვე გაგვიწიეს და ამაში არაფერია გასაკვირი - დიდი მადლობა მათ. სომხეთმაც კი გამოგზავნა მეხანძრეები და შეიძლება ისეთი გავლენა ვერ მოახდინა ცეცხლის ჩაქრობაზე, მაგრამ კეთილმეზობლობა კი დაგვიდასტურა. უცნაური რამ მაშინ დაიწყო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მთავრობამ ბორჯომის ხეობაში მძვინვარე ხანძრის ჩაქრობაში ავიაციით დახმარება შემოგვთავაზა. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა და ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებმა მაშინვე აგვიხსნეს, რომ თხოვნით რუსეთისთვის მათ არ მიუმართავთ - ჩვენი გაჭირვების ამბავი რომ შეიტყვეს, თავად შემოგვთავაზეს და ჩვენ უარი ვუთხარითო. მერე პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა დააზუსტა, რომ რუსეთის მიერ ამგვარ შეთავაზებას ძალიან პოზიტიურ ნაბიჯად მიიჩნევს; ხოლო სულ ბოლოს თავად რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შევიტყვეთ, რომ საქართველოს რუსეთისთვის დახმარება ყოველგვარი შუამავლების (გაეროს) გარეშე თავად უთხოვია. ეს თხოვნა რუსულ მხარეს ჯერ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ბატონმა ზურაბ აბაშიძემ შეუთვალა (ბატონ კარასინს), ხოლო ბოლოს სრულიად ოფიციალური არხითაც - მოსკოვში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექციის ვერბალური ნოტით გაიგზავნა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელზე. როდესაც ეს ამბავი გამჟღავნდა,პრაქტიკულად მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა, ექსპერტებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მკვეთრად გააკრიტიკეს მთავრობა ამგვარი საქციელისთვის. აქ მოკრძალებით შევეცდები ძალიან მოკლედ გამოვხატო ჩემი მოსაზრება, თუ რატომ არ შეიძლება რუსეთის დახმარების მიღება და, მით უმეტეს, ჩვენგან ამის თხოვნა, მიუხედავად იმისა, ამ ხანძრებს რუსეთი აჩაღებს თუ ბუნება გადაირია და ცეცხლი თავად ჩნდება. ხელისუფლების მთავარი არგუმენტი, რომლითაც რუსული МИД-ის მიერ მათი თხოვნის გამჟღავნების შემდეგ შეგვთავაზა, იყო ის, რომ თითქოს დახმარების მოთხოვნაც და რუსეთის მიერ მისი შეთავაზებაც მხარეების მიერ კეთილი ნების გამოხატულება იყო და ორმხრივი ურთიერთობებების გამოსწორებას შეუწყობდა ხელს. ეს მართლაც იქნებოდა სასიკეთო ნიშანი, ბოლო წლებში, მათ შორის ამ ხელისუფლების მმართველობის ხუთი წლის განმავლობაში რუსეთს თუნდაც იოტისოდენა ინტერესი რომ ეჩვენებინა ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ. მცოცავი ოკუპაციის, ჩვენი მოქალაქეების რეგულარული გატაცებების, აფხაზური და სამხრეთოსური „არმიების" რუსულ შეიარაღებულ ძალებში შეერთებისა და ბევრი სხვა ამბის შესახებ ჩვენმა ხელისუფლებამ თავადაც კარგად იცის. მაშ, რატომ შეიძლება სდომოდა რუსეთს ვითომდა მეგობრული ჟესტის გაკეთება და ილ-76-ის გამოგზავნა ჩვენი ხანძრების ჩასაქრობად (ჩვენს ხელისუფლებას ისიც ემახსოვრება, რომ 2008 წელს დაბასთან ტყის დიდი მასივი სწორედ რუსულმა ავიაციამ გადაწვა - ყოველგვარი შენიღბვის გარეშე)? მოტივი, ჩემი აზრით, საკმაოდ მარტივია - საქართველო რუსული დახმარების ამ ფორმით მიღებით საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში (სულ მცირე, რუსეთისთვის) რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის ოკუპაცაიის ლეგიტიმაციისკენ დგამს ნაბიჯს. მოსწონს თუ არა ეს ჩვენს ხელისუფლებას, სამწუხაროდ, დახმარების თხოვნის გაგზავნით მან ამგვარი მზადყოფნის სიგნალი უკვე გაუგზავნა რუსეთს, რომელმაც ეს ამბავი მას საქვეყნოდ გაუვრცელა. გავიმეორებ, რომ სამხილების არქონის გამო პირდაპირ ვერ დავადანაშაულებ რუსეთს საქართველოში ხანძრების მიზანმიმართულ გაჩენაში, მაგრამ სრულიად აშკარაა, რომ მათი მეშვეობით კრემლმა უკვე მიიღო მისთვის სასურველი თხოვნა ქართული ხელისუფლების მხრიდან (რომ არაფერი ვთქვათ საქართველოსთვის მოყენებულ ზარალზე და გამოვლენილ სისუსტეებზე). ამჯერად ქართული საზოგადოების მკვეთრად უარყოფითმა რეაქციამ რუსული თვითმფრინავების ჩვენს საჰაერო სივრცეში ლეგალურად შემოსვლა შეუძლებელი გახადა. ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობამ აგვისტოს ცხელ დღეებში ჩათვალა, რომ რუსეთისგან დახმარების მიღება ჩვენი ღირსების შემლახავი იქნებოდა. პირადად მე მიმაჩნია, რომ, ღირსების გარდა, ამგვარი ნაბიჯი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და უსაფრთხოებას შეუქმნიდა პირდაპირ და გრძელვადიან საფრთხეს. უკვე ვახსენე რუსეთის სურვილი შეგვაგუოს „ახალ რეალობებს", ანუ ოკუპაციას, თუმცა მას შეაძლოა სხვა მიზნებიც ჰქონოდა. მაგალიტად წარმოვიდგინოთ, რომ ილ-76 ტიპის ცეცხლის მქრობელი თვითმფრინავის სახით რუსული დახმარების მიღების შემდეგ ავად რუსეთის ხელისუფლება უგზავნის ხოვნას ჩვენს მთავრობას სხვა, უკვე სამხედრო ილ-76-ის საქართველოს საჰაერო სივრცეში გადაფრენის ნებართვის თაობაზე (მაგალითად სომხეთის ან სირიის მიმართულებით). ვისაც კიდევ აქვს ილუზია, რომ ჩვენი სახელმწოფო ინტერესების და სუვერენიტეტის დათმობის გარეშე დღევანდელ რუსულ რეჟიმთან მოლაპარაკება შესაძლებელია, აშკარად ცუდად იცნობს რუსეთს და მისი ხელისუფლების არცთუ დაფარულ გეგმებს. ვისაც წინა ათწლეულები არ ახსოვს, ან ამ პერიოდში რუსეთის მტრული დამოკიდებულება იმდროინდელი ქართული ხელისუფლების შეცდომების ბრალი ჰგონია, უკანასკნელი ხუთი წლის მოვლენებს გადახედოს. რუსეთს დიდი ხანია სურს საქართველოში საკუთარი აგრესიის და ოკუპაციის საერთაშორისო ლეგიტიმაცია. აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების კამპანია მან პირწმინადად წააგო. სხვადასხვა დაპირებითა და ქრთამების მეშვეობით რუსეთმა მხოლოდ ხუთი სახელმწიფო დაარწმუნა „დამოუკიდებლად" ეღიარებინა მის მიერ ოკუპირებული ორი ქართული რეგიონი. ამ ხუთიდან ორმა, ქართული დიპლომატიის მეცადინეობით და ჩვენი მოკავშირეების დახმარებით, აღიარება უკანვე წაიღო. დღეს კი იმის მომსწრე ვხდებით, თუ როგორ ცდილობს კრემლი ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავის სახით ერთგვარი ტროას ცხენი შემოგვაპაროს, რომლის მიღება, როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, ჩვენ მიერ რუსულ ოკუპაციასთან შეგუების და საერთაშორისო მასშტაბით მისი ლეგიტიმაციის მანიშნებელი გახდებოდა. P.S. 1980-იანი წლების ცნობილ ბრიტანულ კომედიურ სერიალში Yes Prime Minister იყო ერთი ეპიზოდი, სადაც უსაფრთხოების მრჩეველი უხსნის პრემიერ-მინისტრს, თუ რას ნიშნავს რუსული (საბჭოთა) „სალამის ტაქტიკა": მისი თქმით, რუსეთი არასდროს დგამს ისეთ ნაბიჯს, რომ დასავლეთს რეაგირების საშუალება მისცეს. ამის ნაცვლად ის თავის აგრესიულ მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრულად აღწევს. მაგალითისთვის ის სთავაზობს პრემიერს ასეთ სცენარს - დასავლეთ ბერლინში ჩნდება დიდი ხანძარი. მის ჩასაქრობად აღმოსავლეთ ბერლინიდან კომუნისტური რეჟიმი აგზავნის სახანძრო ბრიგადებს, მერე წესრიგის დასაცავად - პოლიციის ქვედანაყოფებს, აღმოსავლეთგერმანელებს საბჭოთა ჯარები მოჰყვებიან, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, და ასე შემდეგ. არ ვიცი, ეს რამ გამახსენა... https://www.youtube.com/watch?v=JKbDKsNsjac Mon, 18 Sep 2017 0:00:00 GMT შეხვედრა საჯარო მმართველობის რეფორმის ექსპერტებთან https://www.gfsis.org/ge/events/view/741 2017 წლის 7 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) გაიმართა შეხვედრა საჯარო მმართველობის რეფორმის ექსპერტ ბაიბა პეტერსონს, სტრატეგიული ინიციატივების ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორ ვლად კულმინსკისა და რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორ კახა გოგოლაშვილს შორის. შეხვედრაზე მათ განიხილეს ევროკავშირის მხრიდან საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა, სამეზობლო პოლიტიკის (ENP) საშუალებით, რაც მოიცავს რეფორმის პროგრამის შედგენასა და განხორციელებას. გარდა ამისა შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს იმ საკითხებზე, რაც გაუმჯობესება-განვითარებას საჭიროებს. Thu, 7 Sep 2017 0:00:00 GMT შვედეთის რუსული კვლევების ცენტრის დელეგაციის ვიზიტი https://www.gfsis.org/ge/events/view/740 2017 წლის 6 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდის) ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა შვედეთის რუსული კვლევების ცენტრის წარმომადგენლობასა და რონდელის ფონდის უფროს მეცნიერ-თანამშრომელ ვალერი ჩეჩელაშვილს შორის. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საკუთარი ორგანიზაციების ძირითადი ინტერესებისა და საქმიანობის შესახებ, ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები ფართო სპექტრის საკითხებზე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს გლობალურ და რეგიონულ ურთიერთობებში რუსეთის ფედერაციის როლსა და ადგილზე. ვ. ჩეჩელაშვილმა მოკლედ მიმოიხილა რუსეთის პოლიტიკა რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ, ასევე ქართულ-რუსული ურთიერთობების ისტორია, ამჟამინდელი ვითარება და სამომავლო პერსპექტივები. Wed, 6 Sep 2017 0:00:00 GMT რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ? https://www.gfsis.org/ge/events/view/738 ავტორი: ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფოდნის უფროსი მენციერ-თანამშრომელი საქართველო იბრძვის საკუთარი სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად. მის სახელმწიფოებრიობას ჰყავს მხოლოდ ერთი მტერი და ეს არის რუსეთი. ეს იმდენად ნათელი ჭეშმარიტებაა, რომ მისი უგულებელყოფა სახიფათოა პროფისიული ავტორიტეტისთვის. უკვე გასაგებია, რომ ევროპული, დემოკრატიული, ეკონომიკურად განვითარებული და წარმატებული საქართველო არ შედის რუსეთის ინტერესებში. უფრო მეტიც, იგი ხიფათს უქმნის რუსეთის იმპერიული ხასიათის ინტერესებს რეგიონში. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიეთობებში შექმნილი ვითარება არის კრემლის საგარეო პოლიტიკის შედეგის უფრო ფართო სურათის ნაწილი, რის გამოც რუსეთს უპირისპირდება მთელი ცივილიზებული სამყარო. ამიტომ არ უნდა მოვიტყუოთ თავი ილუზიებით. ნიანგს, რომელიც ცდილობს მოგაჭამოს ფეხი, არ უნდა მიანდო საკუთარი თავის გადარჩენა. ის თუ წყლიდან ამოსვლაში ან ხანძრის ჩაქრობაში დაგეხმარება, მხოლოდ იმიტომ, რომ მეორე ფეხიც მოგაჭამოს. ეს - წმინდა პრაგმატული მოსაზრებებით, მორალურ და ეთიკურ სტანდარტებზე არ ვლაპარაკობ, ამაზე უკვე ბევრი ითქვა. ამ ერთადერთ შეუნიღბავ მტერთან ბრძოლაში ჩვენ ყველა ძალა უნდა მოვიხმოთ, ყველა რესურსი გამოვიყენოთ. უნდა ავამოქმედოთ ყველა შესაძლებლობა და მოვიძიოთ ახალი - ნებისმიერი ფორმატითა და მიმართულებით. საქართველოს არ გააჩნია ბევრი ბერკეტი, რუსეთს ხელი რომ შეუშალოს საოკუპაციო პოლიტიკის წარმოებაში. ამ მიმართულებით ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ, აქ წვრილმანები არ არსებობს. ასეთი დამატებითი რესურსია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ დაფუძნებული ე.წ. დიპლომატიური მისიების მუშაობაზე დაკვირვება და კონტრსაქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი დიპლომატიური არხებით.. რუსეთის საგარეო საქმეთა ვებგვერდს თუ დავუჯერებთ, დღეს საქართველოში ორმოცი რუსი დიპლომატი მოღვაწეობს, აქედან სამართლებრივი სტატუსი აქვს რვას, ისინი იმყოფებიან თბილისში და არიან საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექციის თანამშრომლები (https://georgia.mid.ru): საქციის ხელმძღვანელი, უფროსი მრჩეველი, მრჩეველი, ორი პირველი მდივანი, ერთი მეორე მდივანი და სამი ატაშე. ქართული საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული სექციის დიპლომატების საქმიანობის შესახებ გარდა იმისა, რომ რუსეთის ვიზების მიღება დაკავშირებულია რთულ, დამქანცველ პროცედურებთან და საეჭვო გარიგებებთან. ასევე დიდი ეჭვია, რომ სინამდვილეში სექციის თანამშრომლების პატაკების მისამართია არა საგარეო საქმეთა სამინისტრო, არამედ ფედერალური უსაფრთხოების სამსახური. თბილისში მოღვაწე ხსენებული პატივცემული დიპლომატების გარდა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გვყავს კიდევ 32 შემოპარული რუსი დიპლომატი: ორი ელჩი, ორი მრჩეველი დესპანი, თორმეტი მრჩეველი, ექვსი პირველი მდივანი, ხუთი მესამე მდივანი და ხუთი ატაშე. შთამბეჭდავი შემადგენლობაა, ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ. მოკლედ, დიდ პატივში ვართ (http://www.abkhazia.mid.ru/index.html და https://rfsosetia.mid.ru). საქართველოს ტერიტორიაზე ყველა არალეგალურად მომუშავე რუსი დიპლომატი უნდა ავიყვანოთ მკაცრ კონტროლზე. უნდა ვიცოდეთ მათი სახელები, გვარები, ბიოგრაფიები და პროფესიული ინტერესების სფეროები. უნდა ვაკვირდებოდეთ, ვინ მუშაობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფუძნებულ ე.წ. საელჩოებში - აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ამ საქმიანობის მთავარი მიზანია გავუჩინოთ რუს დიპლომატებს მყარი განცდა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მუშაობა სახიფათოა მათი კარიერული ზრდისთვის, რადგან მათ შეეზღუდებათ საზღვარგარეთ მუშაობის პერსპექტივა. შესაბამისად, რუს დიპლომატებს უნდა დაეკარგოთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობის ხალისი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე შევქმნათ სპეციალური ფანჯარა, სადაც იქნება განთავსებული ინფორმაცია რუს დიპლომატებზე, პირობითი სათაურით - „დიპლომატები, რომლებსაც რუსეთი - საკუთარი ქვეყანა - აიძულებს დაარღვიონ საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები". მათი სხვა ქვეყანაში გადაყვანის მცდელობის შემთხვევაში, საჭიროა ჩვენმა საელჩოებმა იმუშაონ ადგილსამყოფელი ქვეყნის სახელმწიფოსთან. მთავარი აზრი - ამ დიპლომატების აკრედიტაცია ნიშნავს ირიბად ოკუპირებული რეგიონების აღიარებას. ასეთი ქმედებები უნდა გახდეს არაღიარების პოლიტიკის განუყოფელი შემადგენელი ნაწილი. რუსეთის ელჩი აფხაზეთში, ბატონი სემიონ გრიგორიევი ა.წ. აგვისტოში იმყოფებოდა თურქეთში და იქ შეხვედრებს ატარებდა. საინტერესოა, იცოდა თუ არა ამის თაობაზე თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ? ვთხოვეთ თუ არა თურქეთის ხელისუფლებას, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დარღვევით დაფუძნებული დიპლომატიური მისიების თანამშრომლებს და, მით უმეტეს, „დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს" არ მისცენ თურქეთის საზღვრის გადაკვეთის უფლება, თუნდაც დიპლომატიური პასპორტის გამოყენებით, როგორც ოფიციალურ პირს? გაიფორმოს სამოქალაქო პასპორტი და იმოგზაუროს, როგორც კერძო პირმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოკუპირებულ სოხუმში რუსეთის ე.წ. საელჩოს გახსნის საზეიმო ცერემონიალზე ბრძანა, რომ ამ შენობაში რუს დიპლომატებს ექნებათ მუშაობის კომფორტული პირობები. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს კომფორტული პირობები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომუშავე რუს დიპლომატებს მომავალში შეექმნათ მხოლოდ ნიკარაგუაში, ვენესუელასა და ნაურუში. ელბრუს კარგიევი იყო რუსეთის ფედერაციის პირველი ე.წ. ელჩი ცხინვალის რეგიონში. თოთხმეტწლიანი დიპლომატიური კარიერა ბატონმა კარგიევმა დაასრულა ჯამბაზური ელჩობით ოკუპირებულ სამაჩაბლოში. რუსეთის დახმარებით ოკუპირებულ რეგიონში კარგად მოკალათებული, იგი თითქმის ცხრა წელიწადი არაფერში იღებდა ხელფასს მყარ ვალუტაში. შემდეგაც გაუმართლა - „დამსახურებულ პენსიაში" გაუშვეს, რითაც ჩამოაცილეს ქართულ დიპლომატიას მის პროფესიონალურ მომავალზე ზრუნვის აუცილებლობა. მარატ კულახმეტოვს ქართული საზოგადოება კარგად იცნობს. მისმა „სამშვიდობო" საქმიანობამ, რაც გამოიხატებოდა კონფლიქტის აქტიურ ფაზაში გადაყვანის მიზნით მთელი რიგი კარგად ორგანიზებული პროვოკაციების დაგეგმვა-განხორციელებაში, მიაღწია მიზანს - 21-ე საუკუნეში ევროპის ტერიტორიაზე პირველი ომი გაჩაღდა. ე.წ. სამშვიდობო ძალების მეთაურის ფუნქციების შესრულების უუნარობისა და წოდების დისკრედიტაციისთვის ნორმალურ ქვეყანაში მას, როგორც მინიმუმ, დასჯიდენ, რუსეთში კი საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლად დანიშნეს. იმიტომ ხომ არა, რომ კარგად შეასრულა კრემლში შემუშავებული ომის პროვოცირების გეგმა ან, უფრო სწორად, გეგმის ნაწილი? სემიონ გრიგორიევი 1983 წლიდან მუშაობდა საბჭოთა კავშირის დიპლომატიურ სამსახურში, ძირითადად, ავღანეთისა და ირანის მიმართულებით. როდესაც მოსკოვში ელჩად ვმუშაობდი, ბატონი გრიგორიევი იყო დსთ-ის ქვეყნებთან ურთიერთობების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და, საელჩოს თანამშრომლების შეფასებით, იყო ერთ-ერთი კვალიფიცირებული და გაწონასწორებული დიპლომატი, რომელთანაც შეიძლებოდა საუბარი. მაგრამ ახლა ეს არაფერს ნიშნავს. ოკუპირებულ სოხუმში ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობის დაკავებაზე თანხმობით მან შეიზღუდა პროფესიონალური ზრდის პერსპექტივები. მხოლოდ კარაკასი, მანაგუა ან ნაურუს დედაქალაქი, თუ ასეთი არსებობს. ამაზე ახლა ქართულმა დიპლომატიამ უნდა იზრუნოს. როგორც ამბობენ - nothing personal, just business. Mon, 4 Sep 2017 0:00:00 GMT ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის დელეგაციის ვიზიტი https://www.gfsis.org/ge/events/view/739 2017 წლის 4 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი) უმასპინძლა ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის (CASS) დელეგაციას. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა რონდელის ფონდის უფროს მეცნიერ-თანამშრომლებს - პროფ. ვლადიმერ პაპავას, პროფ. მერაბ კაკულიასა და ვალერი ჩეჩელაშვილს. შეხვედრის მიზანი იყო თანამშრომლობის გაღრმავება ინიციატივის - „ერთი სარტყელი - ერთი გზა" - ფარგლებში მხარეებს ემსჯელათ მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონული მოვლენების შესახებ. შეხვედრაზე რონდელის ფონდის თანამშრომლებმა სტუმრებს მოკლედ გააცნეს საქართველოში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება, მიმოიხილეს საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან არსებული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს მისწრაფებას. საქართველოში ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის დელეგაციის ვიზიტის ორგანიზატორია რონდელის ფონდი. დელეგაცია შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა არასამთავრობო, კვლევითი ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. Mon, 4 Sep 2017 0:00:00 GMT პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი? https://www.gfsis.org/ge/events/view/737 ავტორი: ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფოდნის უფროსი მენციერ-თანამშრომელი პუტინის ვიზიტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში გაიმართა. თარიღისა და ადგილის შერჩევის პრინციპი გასაგებია. გასაგებია საქართველოს მთავრობისათვის განკუთვნილი მთავარი გზავნილის შინაარსიც: 2012 წლის შემდეგ რუსეთის მიმართ საქართველოს წარმოებული ახალი საგარეო-პოლიტიკური კურსი რუსეთისათვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს და არ უქმნის მოსკოვს მოტივაციას ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით თავისი პოლიტიკა შეცვალოს. რუსეთის მიერ მრუდე სარკეში დანახული ე.წ. ახალი რეალობა ძლიერ დაღად აზის პუტინის და მასთან ერთად მთელი რუსეთის პოლიტიკურ ელიტას, ოპოზიციის დიდი ნაწილის ჩათვლით, გონიერებასა თუ ცნობიერებაში. ქართველი რუსოფილები ტყუილად ფიქრობენ, რომ ნატოში შესვლაზე უარის თქმითა თუ ევრაზიულ კავშირში შესვლით ჩვენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ პუტინის ადმინისტრაციის დამოკიდებულებას შევცვლით. პრეზიდენტი პუტინი აფხაზეთს ნებით იმ შემთხვევეშიც კი არ დაგვიბრუნეს, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში რომ შევიდეთ. რა თქმა უნდა, ამ ვიზიტის საპასუხო ჩვენი რეაქცია არ უნდა დაყოვნებულიყო. რა შეეძლო მოემოქმედებინა საქართველოს ხელისუფლებას? ბუნებრივია, პუტინის თვითმფრინავს ჩვენ საჰაერო სივრცეს ვერ გადაუკეტავდით და საზღვარზე მას და მის თანმხლებ პირებს ვერ შევაჩერებდით. ვერც ჩვენს პრეზიდენტს გავაგზავნიდით საპასუხო სამუშაო ვიზიტით საქართველოს მიერ ოკუპირებულ რუსეთის რომელიმე ავტონომიურ რესპუბლიკაში , რადგან ასეთი ავტონომიური რესპუბლიკა არ არსებობს. შეგვეძლო გაგვეკეთებინა განცხადება - საგარეო საქმეთა სამინისტრომაც არ დააყოვნა და ზუსტი, გასაგები და ლაკონური განცხადებაც გააკეთა - უკვე მერამდენედ! შეგვეძლო კი მეტის გაკეთება? ქვემოთ ამასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება მოგვყავს: ზოგადად, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება უნდა ეფუძნებოდეს ფაქტებს, ეყრდნობოდეს საერთაშორისო სამართლის აღიარებული ნორმებისა დ პრინციპების ერთობლიობას და შეიცავდეს დასკვნას, მოთხოვნას, მიმართვას საერთაშორისო საზოგადოებისადმი და საპასუხო ქმედებას ან მის მონახაზს. ყველა ეს კომპონენტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ა. წ. 8 აგვისტოს განცხადებაში კარაგად იყო ჩამოყალიბებული, გარდა საპასუხო ქმედებისა. არადა ზუსტად რომ პუტინის ვიზიტი იძლევა ამისთანა ქმედების არაჩვეულებრივ შესაძლებლობას. ვიდრე კონკრეტულ წინადადებაზე შევჩერდებოდეთ, გამოვთქვამთ რამდენიმე ზოგად მოსაზრებას: საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებისმიერი განცხადება უნდა იყოს გათვლილი სამ სამიზნე აუდიტორიაზე: მოწინააღმდეგე მხარეზე მოკავშირეებზე შიდა აუდიტორიაზე რა გზავნილები უნდა იყოს მასში ჩამოყალიბებული? გზავნილი მოწინააღმდეგე მხარისათვის - რომ ჩვენ უპასუხოდ არ დავტოვებთ მის უკანონო ქმედებებს; გზავნილი მოკავშირეებისათვის - რომ საპასუხო ქმედებების მუდმივ ძიებაში ვიმყოფებით და შეგუებას შექმნილ ვითარებასთან არ ვაპირებთ; გზავნილი საკუთრი მოქალაქეებისათვის - რომ მათი უფლებების დარღვევას სახელმწიფო არ შეეგუება. რა გააძლიერებდა საგარეო საქმეთა სამინისტროს 8 აგვისტოს განცხადებას? უფრო თამამი ბმა რუსეთის მიმართ აშშ-ის ახალ სანქციებთან; უფრო თამამი, ვინაიდან ასეთ ბმად შეიძლება გარკვეული დაშვებით მივიჩნიოთ განცხადებაში გაჟღერებული მინიშნება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე. გასაგებია, რომ განცხადების ტექსტის უფრო თამამი დაკავშირება ხსენებულ სანქციებთან აღემატება ტექსტის ავტორების (რომელთა მიმართაც ჩემს პატიცისცემას ვადასტურებ) კომპეტენციის დონეს და მოითხოვს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. სხვასთან ერთად, რუსეთის მიმართ აშშ-ის მიერ ახლად დაწესებული სანქციების თანმიმდევრული განხორციელების მნიშვნელობის ხაზგასმა განცხადებაში უფრო მჭიდროდ შეუთავსებდა ჩვენს პოზიციას ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის - აშშ-ის მიდგომებს. ამასთან, დავაკვირდებოდით, თუ რა საპასუხო ნაბიჯების გადადგმისათვის არის მზად რუსეთი. აღვნიშნავთ, რომ შექმნილ ვითარებაში რუსეთს ხელს არ აძლევს ახალი გართულება, ისედაც ბევრი მიმართულებით უწევს ბრძოლა და შეზღუდული რესურსების ფლანგვა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით წარმოვიდგინოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს 8 აგვისტოს განცხადების ბოლო აბზაცის ალტერნატიური რედაქცია: „საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა და სუვერენიტეტის შელახვის გამო და ხაზს უსვამს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ასეთი სახის სანქციების კონსოლიდირებული, პრინციპული და თანმიმდევრული განხორციელების მნიშვნელობას. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს მოსკოვის აგრესიულ ნაბიჯებს და მიიღოს შემდგომი ქმედითი ზომები, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება". დაბოლოს, დანაპირები ქმედების შესახებ: პუტინის ვიზიტმა იდეალური წინაპირობა შეუქმნა რუსული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს სინქრონული სავიზო რეჟიმის დაწესების გადაწყვეტილების მისაღებად. ახლა ზუსტად კარგი დრო იყო ამისთვის და ეს დრო ჯერაც არ ამოწურულა. პუტინის ვიზიტი იყო კარგი საბაბი, რომ ჩვენ რუსი ოფიციალური პირებისათვის აგვეკრძალა საქართველოს ნებართვის გარეშე ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლა - ჩვენ მიერ დროებით არაკონტროლირებად საქართველოს ტერიტორიაზე შესვლისას რუსებისათვის დამატებითი სამართლებრივი უხერხულობა მაინც შეგვექმნა. ეს არის დროული, ადეკვატური, პროპორციული და ზომიერი გადაწყვეტილება, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. რა შეიძლება ამას დაუპირისპიროს რუსეთის ფედერაციამ? დააწესებს სავიზო რეჟიმს საქართველოს პასპორტების მფლობელებისათვის? მოგვთხოვს, რომ ვიზები მოვითხოვოთ ყველა სახის რუსული პასპორტისათვის? აუკრძალავს საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლას? ამ ქმედებას კიდევ ერთი პოზიტიური შედეგი ექნებოდა - თავიდან ავიცილებდით საქართველოში სკანდალურ და მოულოდნელ ვიზიტებს, მაგალითად, როგორიც იყო სულ ცოტა ხნის წინ თბილისში პუტინის პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ არტიომ კავინოვის ვიზიტი. ეს ქმედება კიდევ ერთ მნიშვნელოვან გზავნილს შეიცავს. ჩვენი კარი ღიაა რუსი ტურისტებისათვის. ჩამობრძანდნენ საქართველოში და საკუთარი თვალით შეადარონ რეალობა რუსული საინფორმაციო საშუალებების იდეოლოგიურ შტამპებს. ხოლო ვინაიდან რუსი პოლიტიკოსებისგან არავითარ სიკეთეს აღარ ველოდებით, კონტროლს ვაწესებთ მათ მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე. ისე, მართლა საინტერესოა, საქართველოს ხელისუფლებამ რომ დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისათვის, რა რეაქცია ექნებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს. მაგალითად, რა კომენტარი შეიძლება გაეკეთებინა ლავროვის დავალებით საღეჭი რეზინის მოყვარულ ქალბატონს მარია ზახაროვას. ალბათ, რაიმე ასეთი: „Нет предела самомнению грузинского Мининдел. Решив все проблемы Грузии и охмелев от безвизовой подачки Брюсселя, в Тбилиси решили, что теперь за грузинскими визами выстроится длинная очередь из российских депутатов, политиков и дипломатов. Может, какой – нибудь дипломат Гиви захочет ввести визы и для российских туристов, тем самым лишив собственную страну единственного надежного источника доходов в валюте? Заодно этот Гиви пусть постарается и все грузинское вино выпить, которое на экспорт в Россию идет? Американцы и европейцы ведь грузинского вина почему – то не пьют…" თუმცა რას იტყვის ქალბატონი მარია ზახაროვა, ჩვენთვის არა აქვს მნიშვნელობა - ჩვენ საკუთარ პრობლემებს უნდა მივხედოთ. Fri, 18 Aug 2017 0:00:00 GMT პენსის ვიზიტი საქართველოში: რამდენიმე გაკვეთილი და რას უნდა ველოდოთ https://www.gfsis.org/ge/events/view/736 ავტორი: ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფოდნის უფროსი მენციერ-თანამშრომელი შედგა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ეს თავისთავად დიდი წარმატებაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ორ მეტად მნიშვნელოვან გარემოებას: პირველი - ვიზიტის კონფიგურაციამ ჩვენ „ამოგვწერა" სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან და დაგვაწყვილა აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრ ორ ქვეყანასთან - ესტონეთსა და მონტენეგროსთან. მეორე - ვიზიტი შედგა ნატოს „Noble Partner" – „ღირსეული პარტნიორის" წვრთნების თანხლებით. ამ უდავოდ დადებით მოვლენებთან ერთად არის რამდენიმე გარემოება, რომლის ანალიზიც აუცილებელია, რათა მომავალში უფრო კარგად გამოვიყენოთ შექმნილი შესაძლებლობები. პენსის ძლიერი განცხადებები საქართველოში შედეგს ვერ გამოიღებს, უფრო მეტიც, იქნება კონტრპროდუქტიული, თუ საქართველოს საკითხი არ გაჩნდება აშშ-რუსეთის ფედერაციის ორმხრივი მოლაპარაკების დღის წესრიგში. თუ ეს არ მოხდა, რუსეთი მიიჩნევს, თანაც სამართლიანად, რომ აშშ-ს რეალურად საქართველოს საკითხი არ მიაჩნია პირველი რიგის პრიორიტეტად და უფრო აქტიურად გააგრძელებს „მცოცავი ოკუპაციის" ტაქტიკას. ჩვენ არ ვიცით, თუ რა უთხრა ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა პირისპირ შეხვედრაზე ვიცე-პრეზიდენტს. პრინციპში, არსებობს ორი ვარიანტი: ერთი - მკაფიოდ ჩამოყალიბებული არაორაზროვანი თხოვნა, რომ საქართველოს საკითხი გახდეს აშშ-რუსეთის ორმხრივი მოლაპარაკების აუცილებელი თემა; მეორე - მინიშნება, რომ საქართველო კვლავაც შეეცდება ორმხრივ ფორმატში მოაგვაროს პრობლემები რუსეთთან და არ არის საჭირო რუსეთის მეტისმეტი გაღიზიანება. იმედია, პრემიერ-მინისტრმა აირჩია პირველი ვარიანტი. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს უნდა ახსოვდეთ კონცეფცია "Act as an ally" – „იმოქმედე, როგორს მოკავშირემ", რომლითაც ჩვენი დიპლომატია ხელმძღვანელობდა ნატოსთან ურთიერთობებში. ისიც უნდა ახსოვდეთ, რა კარგად იმუშავა ამ პრინციპმა და რამდენად განამტკიცა მან საქართველოს რეპუტაცია და ავტორიტეტი ნატოში. ამ პრინციპზე, წესით, დღესაც არ უნდა გვეთქვა უარი, გამომდინარე ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტიდან, რასაც წარმოადგენს ნატოში გაწევრიანება. თუ ეს ასეა, ვიზიტის მიმდინარეობისას არაკოორდინირებული ქმედებების გამო ჩვენ ტესტი ვერ ჩავაბარეთ. როგორც შედეგი, ნათელია, რომ პრეზიდენტის წინადადება აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე ვერ განხორციელდება. დელეგაციის წევრებმა, ვიცე-პრეზიდენტის ჩათვლით, კარგად დაინახეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებაში ერთიანი მოსაზრება, რბილად რომ ვთვათ, არ არის ჩამოყალიბებული. შესაბამისად, ამერიკელი პარტნიორები მოუმზადებელი ქმედებებით არ მოინდომებენ ჩვენს ქვეყანაში შიდაპოლიტიკური ურთიერთობების დაძაბვისთვის ხელის შეწყობას. დიპლომატიის ერთ-ერთი კანონია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტის მოლოდინში უნდა მოხდეს სპეციალური კომუნიკაცია ხელისუფლების შტოებს შორის, პირველ რიგში, გზავნილების სინქრონიზაციის მიზნით. ამ შემთხვევაში ასეთი კომუნიკაცია ან არ იყო კარგად ორგანიზებული, რაც ძალიან ცუდია, ან საერთოდ არ შედგა, რაც კიდევ უფრო ცუდია. ყოველივე ამის შედეგად პრეზიდენტმა წამოაყენა წინანდადება, რომელიც, როგორც ჩანს, არ იყო შეთანხმებული მთავრობასთან. თუ ეს ასეა, მაშინ საქმე გვაქვს უხეშ შეცდომასთან, რადგან საუკეთესო წინადადებაც კი, გაჟღერებული არასწორ ვითარებაში და არასასასურველ დროს, ხდება კონტრპროდუქტიული. ეს კარგად იციან დიპლომატებმა. მაგრამ ამ შეცდომას მოჰყვა დაუფიქრებელი და მიუღებელი ტონით გაკეთებული განცხადებები მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობაში. თავის მხრივ ესეც, ანუ პრეზიდენტის წინადადების დეზავუირება, იყო სერიოზული შეცდომა. ვფიქრობ, ეს უკანასკნელი შეფასება - გზავნილები კიდევ უფრო დიდი ზიანის მომტანია, ვინაიდან ადასტურებენ გათიშულობას სახელისუფლებო შტოებს შორის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირესთან ურთიერთობაში. ამ ზიანმა შესაძლოა მნიშვნელოვანწილად გადაფაროს ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტის შედეგად მიღწეული დადებითი ეფექტი. ამ ბრძოლაში გამარჯვებული არც პრეზიდენტია და არც პრემიერ-მინისტრი. რეპუტაციის მხრივ ჩრდილი კი ორივეს მიადგა, და მათთან ერთად - მთელ ქვეყანას. შექმნილი ვითარებიან სამი დასკვნის გამოტანა შეიძლება: პირველი - საგარეო საქმეთა სამინისტრო არის საგარეო ურთიერთობების წარმართვის საქმეში საკვანძო სახელმწიფო ინსტიტუტი, განსაკუთრებით კოორდინირების საკითხებში. შესაძლოა პრემიერ-მინსტრის სავსებით მართებული გადაწყვეტილება, აემაღლებინა საგარეო საქმეთა მინისტრის სტატუსი ვიცე-პრემიერის დონემდე, ამ მიზნითაც იყო განპირობებული. საჭიროა ამ ინსტიტუციური ბერკეტის უფრო გაბედულად გამოყენება. გასაგებია, რომ გარკვეული ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებების გამო, აღნიშნული კოორდინირების ფუნქცია ძნელად განსახორციელებელია და ზოგჯერ ითხოვს რთული საკითხების უსიამოვნო განხილვებს პრემიერ-მინისტრთან თუ პრეზიდენტთან. მაგრამ ამას მოითხოვს სახელმწიფოს ინტერესები და ამ სფეროში საგარეო საქმეთა სამინისტროს ალტერნატივა არ აქვს. მეორე - ვიზიტის შედეგებზე, მათ შორის, პრეზიდენტის შეთავაზებებზე კომენტარს უნდა აკეთებდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო. დიპლომატებმა იციან, როგორ შეფუთონ ყველაზე უსიამოვნო გზავნილიც კი ისე, რომ არ გამოიყენონ პრეზიდენტის ქმედებების შეფასებისას აბსოლუტურად უადგილო ლექსიკონი. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ურთიერთობებს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მესამე - კარგი იქნებოდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს მოემზადებინა ძირითადი საგარეო-პოლიტიკური გზავნილებისა და გამოსაყენებელი ტერმინების კრებული. მისი გამოყენება სახელმწიფო ხელისუფლების ყველა შტოს ორგანოებში მოღვაწე პოლიტიკოსებისა თუ საჯარო მოხელეების მიერ აგვარიდებდა შეცდომებს. ახლა ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ვაშინგტონში, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, პრეზიდენტ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ პენს შორის სამ ქვეყანაში ჩატარებული ვიზიტის შედეგების თაობაზე შემაჯამებელი განხილვა-შეფასება და შევეცადოთ მივხვდეთ, თუ რა დასკვნას გამოიტანდა ორი მოსაუბრე. ბალტიის ქვეყნებში ნატოს წევრი სამი ქვეყნის პრეზიდენტი ერთიანი სულისკვეთებით ეხმიანება ვაშინგტონის პოლიტიკას, საქართველოში კი არ არსებობს შეთანხმება პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის აშშ-სთვის გადასაცემ მთავარ გზავნილებთან დაკავშირებითაც კი. მინდა ვცდებოდე, მაგრამ აშშ-ში ამ ვიზიტის შემდეგ შესაძლოა იფიქრონ, რომ ნაადრევად ჩაწერეს საქართველო ბოლო ვიზიტის გამორჩეულ კონფიგურაციაში არმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრ ორ ქვეყანასთან ერთად. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტის გეოგრაფიულ-პოლიტიკური კონფიგურაცია თავისთავად ქართული დიპლომატიის დიდი გამარჯვება იყო. რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ შეძლებისდაგვარად გაბათილდეს შექმნილი ნეგატიური ფონი? პირველ რიგში, უნდა ჩამოვაყალიბოთ კარგად კოორდინირებული, დამაჯერებელი პოზიცია და გავაჟღეროთ იგი ვაშინგტონში. ეჭვს არ უნდა იწვევდეს ის გარემოება, რომ აღნიშნული პოზიცია ითავსებს პრეზიდენტისა და მთავრობის მოსაზრებებს. ამისათვის გამოსაყენებელია ყველა რესურსი, მათ შორის, საქართველოს ყოფილი ელჩები აშშ-ში. ბევრი მათგანი დღეს საქართველოშია და დარწმუნებული ვარ, სიამოვნებით გაუწევენ სამსახურს საკუთარ ქვეყანას. კარგია, რომ საქართველოს დღესაც პროფესიონალი ელჩი ჰყავს აშშ-ში - ბატონი დავით ბაქრაძე, რომელმაც მოკლე ხანში უკვე მოასწრო ბევრი სასიკეთო წინადადების ინიციირება და პროექტის ხორცშესხმა. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ აშშ-ის მთავრობას საკუთარი საელჩოც მიაწვდის ინფორმაციას. კარგი იქნება, თუ მომავალში აშშ-ისა თუ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირების მიერ რეგიონში განხორციელებული ვიზიტების დროს შევინარჩუნებთ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ბოლო ვიზიტის გეოგრაფიულ-პოლიტიკურ კონფიგურაციას. ევროკავშირში გაწევრიანების პრიორიტეტის გათვალისწინებით ასევე საინტერესოდ ჩანს კიევი - თბილისი - კიშინეუს სამკუთხედი. დიპლომატის შეცდომები ზედაპირზე არ დევს და ერთი შეხედვით შეიძლება შესამჩნევი არც იყოს, როგორც, მაგალითად, მშენებლისა თუ ექიმის ხარვეზები, მაგრამ დიპლომატიაში დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს არა ცალკე აღებულ ადამიან, თუ ადამიანების ჯგუფს, არამედ მთელ ერსა და სახელმწიფოს. Fri, 4 Aug 2017 0:00:00 GMT