რონდელის ბლოგი

სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში

2017 / 06 / 27

ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი - აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

 

მოკლე ისტორია

2011 წელს დაწყებული „არაბული გაზაფხული“ ბევრი აღმოსავლური ქვეყნისთვის „არაბულ ზამთარში“ გადაიზარდა. განსაკუთრებით სისხლისმღვრელი აღმოჩნდა იმავე წელს სირიაში დაწყებული სამოქალაქო ომი, რომელიც უკვე იქცა XXI საუკუნის კაცობრიობის ერთ-ერთ უმთავრეს სირცხვილად. მსოფლიო თანამეგობრობა უძლური აღმოჩნდა შეეჩერებინა კონფლიქტი, რომელიც გამოირჩევა სამოქალაქო პირების (მათ შორის, ქალების, ბავშვების და მოხუცების) მიმართ ჩადენილი დანაშაულებებითა და არაადამიანური მოპყრობით, წამებით, გაუპატიურებით, ადამიანებით ვაჭრობით, ქიმიური იარაღის გამოყენებითა და რელიგიური ფუნდამენტალიზმის აღზევებით. სამოქალაქო ომს დღემდე შეეწირა ნახევარ მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, 2 მილიონამდე კაცი დასახიჩრდა, ხოლო საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია დაახლოებით 12 მილიონ სირიელს.

სამოქალაქო ომი გამოიწვია საშინაო და საგარეო ფაქტორების ერთობლიობამ: ხანგრძლივი დროის განმავლობაში რეპრესიულმა შიიტურ-ალავიტურმა მმართველობამ (სირიის მოსახლეობის 74% სუნიტია, 13% კი - შიიტი-ალავიტი), ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის არსებულმა სექტარიანულმა დაყოფამ, გაუმართავმა ეკონომიკურმა მოდელმა, კორუფციის დიდმა მასშტაბებმა, რეგიონში არსებულმა შიიტურ-სუნიტურმა დაპირისპირებამ, ასადის რეჟიმის ლეგიტიმაციის პრობლემამ და მთელი რიგი ქვეყნების მხრიდან მისი ხელისუფლებიდან ჩამოცილების ინტერესმა.

კონფლიქტის დროში გაწელვის პარალელურად ზომიერი ოპოზიცია დასუსტდა და ინიციატივა ხელთ იგდეს საერთაშორისო ტერორისტულმა ორგანიზაციებმა, რომლებმაც „სუნიტური სოლიდარობის“ ლოზუნგის გამოყენებით იწყეს ცოცხალი ძალის, იარაღისა და ფინანსების მოზიდვა უცხოეთიდან. სიტუაცია გაართულა სირიის კონფლიქტში უცხო ქვეყნების პირდაპირმა თუ არაპირდაპირმა ჩართვამაც.

 

არსებული სიტუაცია

საბოლოო ჯამში მივიღეთ კონფლიქტი „ყველა ყველას წინააღმდეგ“, რომელშიც ჩართულები არიან ასადის რეჟიმი და მისი მომხრეები (რუსეთი, ირანი და „ჰეზბოლა“), ზომიერი ოპოზიცია („თავისუფალი სირიის არმია“) და მათ უკან მდგარი სუნიტური ქვეყნები, „დაეში“ (იგივე ISIS), „ალ-ქაიდას“ სირიული განშტოება „ალ-ნუსრას ფრონტი“ (დღევანდელი „ჯაბჰათ ფათეჰ ალ-შამი“), „სირიის დემოკრატიული ძალები“ (სადაც წარმმართველია პროქურთული „ხალხთა დაცვის შენაერთები“ - YPG) და სხვა შედარებით მცირერიცხოვანი ჯგუფები.

მართალია, რუსეთის კონფლიქტში ჩართვამ იხსნა ასადის რეჟიმი გარდაუვალი კოლაფსისგან, მაგრამ მეორე მხრივ შეიქმნა ჩიხური სიტუაცია გამოკვეთილი გამარჯვებული მხარის გარეშე.

რუსეთის ჩართვისა და „დაეშის“ მოძლიერების შედეგად დასავლეთისთვის უკანა პლანზე გადაიწია ასადის ხელისუფლებიდან წასვლის საკითხმა. დასავლურ მედიას ასადი უმთავრესად ქიმიური იარაღის გამოყენებისას და მასზე აშშ-ის მიერ განხორციელებული იშვიათი საჰაერო დაბომბვების შემდეგ ახსენდება ხოლმე.

პერიოდულად იმართება არცთუ ისე შედეგიანი სამშვიდობო მოლაპარაკებები - გაეროს პატრონაჟით წარმოებული ე.წ. „ჟენევის პროცესი“ და მის პარალელურად რუსეთ-თურქეთ-ირანის ინიციატივით მიმდინარე ასტანის მოლაპარაკებები. ამ უკანასკნელზე მხარეები  ჯერჯერობით ბუნდოვანებით მოსილ ე.წ. „დეესკალაციის ზონებზე“ შეთანხმდნენ, რომელიც პასუხებზე მეტ კითხვებს ბადებს. ექსპერტები საუბრობენ „ბოსნიური მოდელის“ მსგავსი შეთანხმების აუცილებლობაზე, რომელიც გულისხმობს დეცენტრალიზაციასა და ჯგუფების ინტერესების მაქსიმალურ გათვალისწინებას. თუმცა, მხარეები მზად არ არიან წავიდნენ რეალური კომპრომისზე, რაც, ამ ეტაპზე მაინც, კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივას სათუოს ხდის.

 

ძირითადი დასკვნები   

სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა რამდენიმე მწარე რეალობა, რის წინაშეც დგას არა მარტო ეს ქვეყანა, არამედ, ზოგადად, საერთაშორისო თანამეგობრობა:

 

  • სტაბილურობა არადემოკრატიულ ქვეყნებში უმეტესად მოჩვენებითია და  შესაძლოა ის ნებისმიერ დროს დიდ სისხლისღვრაში გადაიზარდოს;
  • დემოკრატიული ცვლილებების განხორციელება არც ისეთი ადვილია კულტურითა და ტრადიციებით განსხვავებულ ახლო აღმოსავლეთში, როგორც ეს ერთი შეხედვით შესაძლოა ჩანდეს დასავლეთიდან;-
  • ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებით სარგებლობენ ტერორისტული ორგანიზაციები იმდენად, რომ მათ შეძლეს ეფექტიანი კონტროლის დამყარება გარკვეულ ტერიტორიებზე, რის შედეგადაც ამ ჯგუფებს გაუჩნდათ სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ნიშნები და ამბიციები;
  • რუსეთს სირიის კონფლიქტში ჩარევის შედეგად გაუჩნდა ამბიცია ყოფილი საბჭოეთის გარეთაც იქცეს მთავარ მოთამაშედ, დაიბრუნოს „ძველი დიდება“ და გახდეს ისეთი ქვეყანა, რომლის აზრის გათვალისწინებაც პრიორიტეტულია საერთაშორისო პრობლემების მოგვარებისას;
  • მართალია, ძლიერი ქვეყნები სირიის კონფლიქტში უმთავრესად საკუთარი ე.წ. „Proxy“-ების საშუალებით იბრძვიან, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ისინი არ ერიდებიან უშუალო ჩართვას საომარ მოქმედებებში. 2015 წლის 24 ნოემბერს თურქეთის მიერ რუსული ავიაგამანადგურებლის ჩამოგდების შემდეგ უშუალოდ კავკასია-შავი ზღვის რეგიონში შეიქმნა სერიოზული გამოწვევები საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში. კონფლიქტში ჩართული დიდი ქვეყნები მსგავს სიტუაციაში შესაძლოა მომავალშიც აღმოჩნდნენ, რაც პირდაპირ აისახება როგორც სირიის სამოქალაქო ომზე, ისე მეზობელი რეგიონების (მათ შორის კავკასია-შავი ზღვის) უსაფრთხოებაზე; 
  • რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს სირიის კონფლიქტი, ცხადია, რომ ეს ქვეყანა ძველი ფორმით ვეღარ შეძლებს არსებობის გაგრძელებას. მის მოსაწყობად საჭირო იქნება ახალი ფორმულებისა და იდეების გენერირება, სადაც გასათვალისწინებელია იქ მცხოვრები ყველა კონფესიური თუ ეთნიკური ჯგუფის (სუნიტები, შიიტი-ალავიტები, ქრისტიანები, არაბები, ქურთები, ასირიელები, ჩერქეზები, სომხები) ინტერესები. ეს კი ძალზე რთული გამოწვევა იქნება;
  • ქვეყნის ახალმა მოწყობამ უნდა დააკმაყოფილოს დიდი სახელმწიფოების ინტერესებიც. ეს კი არცთუ ისე ადვილი საქმე იქნება, რამდენადაც ქვეყნებს, უმეტეს შემთხვევაში, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ინტერესები აქვთ რეგიონში;
  • რამდენადაც ჯერჯერობით არ აღმოფხვრილა კონფლიქტის გამომწვევი საშინაო და საგარეო ფაქტორები, ძნელი იქნება გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა უშედეგო დღემდე გამართული ყველა სამშვიდობო მოლაპარაკება;

  • ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე მდგარი კიდევ მილიონობით ადამიანი შესაძლოა მომავალშიც მიაწყდეს როგორც მეზობელ ქვეყნებს, ისე შორეულ ევროპასაც და ახალი სახის პრობლემები და გამოწვევები შეუქმნან მას, მათ შორის ერთიანობის კუთხითაც;
  • სირიის კონფლიქტი შესაძლოა ადვილად გადაედოს რეგიონის სხვა ქვეყნებს, როგორც ეს მოხდა ერაყის, ლიბანის, ლიბიისა და ეგვიპტის მაგალითებზე. ამ ქვეყნების მთავრობები უკვე დიდი ხანია ებრძვიან „დაეშს“, რომელმაც მათთან გარკვეულ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება მოახერხა;   
  • ახლო აღმოსავლეთსა და მის გარეთ გაზრდილია რელიგიური ექსტრემიზმისა და ტერორიზმის  საფრთხე. ბოლო დროს გახშირებული ტერაქტები ევროპაში, თურქეთსა და ერაყში ამის ნათელი მაგალითია. რადიკალურად განწყობილი ჯგუფები ცდილობენ და მომავალშიც შეეცდებიან რელიგიური გრძნობების გამოყენებას საკუთარი ინტერესებისთვის. ასეთი სახის გამოწვევა საქართველოსთვისაც საკმაოდ რეალურია;
  • რეგიონში იმატა სექტარიანიზმიდან მომდინარე პრობლემებმა (უმეტესწილად შიიტურ-სუნიტური დაპირისპირება), რისი ყველაზე გამოკვეთილი მაგალითებიცაა ერაყისა და იემენის სამოქალაქო ომები, ირან-საუდის არაბეთსა და კატარ-საუდის არაბეთს შორის არსებული დაპირისპირებები. ამ კუთხითაც არსებობს გამოწვევები საქართველოსთვის, სადაც მუსლიმთა ერთი ნაწილი სუნიტია, მეორე კი - შიიტი;  
  • წლების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში (ჯერ ერაყში, ახლა კი სირიაშიც) გაჩნდა ახალი რეალობა ქურთული წარმონაქმნების სახით. აშშ და ნაწილობრივ რუსეთიც სწორედ პროქურთულ ძალებს განიხილავენ მთავარ მოკავშირედ „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში და ეხმარებიან მათ. თურქეთი კი მათ ტერორისტულ ორგანიზაცია PKK-ის („ქურთისტანის მუშათა პარტია“) განშტოებად მიიჩნევს. შესაბამისად, იკვეთება დაპირისპირება ნატოს ორ უმთავრეს მოკავშირეს - აშშ-სა და თურქეთს შორის. ანკარა ჩრდილოეთ სირიაში ქურთული სახელმწიფო ერთეულის (ავტონომიის) ჩამოყალიბების შესაძლებლობას საკუთარი უსაფრთხოებისთვის უმთავრეს პრობლემად მიიჩნევს და მის წინააღმდეგ არ ერიდება სამხედრო ძალის გამოყენებასაც. ამ საკითხთან მიმართებით სიტუაციის შემდგომი ესკალაციის საფრთხე არსებობს;
  • ბოლო პერიოდში საერთაშორისო კოალიცია აშშ-ის მეთაურობით საკმაოდ აქტიურადაა ჩართული „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. მოსალოდნელია, რომ „დაეშს“ მოუწევს ქ. რაქასა და სხვა ტერიტორიების დათმობა. მაგრამ უმთავრესი კითხვაა, რა იქნება მას შემდეგ, რაც „დაეშის“ მებრძოლთა ერთი ნაწილი დაბრუნდება საკუთარ ქვეყნებში, მეორე ნაწილი კი გაიფანტება დანარჩენ მსოფლიოში? ამ კუთხით გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ „დაეშის“ რიგებში იბრძვიან ჩვენი მოქალაქეებიც, რომელთა მხრიდანაც გაისმა მუქარა საქართველოს წინააღმდეგ;
  • სირიიდან გაფანტვის შემდეგ საქართველოში შემოსვლას შეიძლება შეეცადონ რადიკალი ექსტრემისტები, რომელთა ნაწილი საქართველოს მოქალაქეა, ნაწილი კი - უცხოეთისა. ეს კი ქვეყანას  არაერთ საფრთხესა და გამოწვევას შეუქმნის.

 

როგორც ვხედავთ, სირიის სამოქალაქო ომი მრავალნაირ  ჰუმანიტარული, სამხედრო-პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური სახის საფრთხესა და გამოწვევას წარმოშობს, როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ისე მის გარეთ. ამ საფრთხეების აღმოფხვრა ან მათი მინიმალიზაცია მხოლოდ ადგილობრივი კონფესიური და ეთნიკური ჯგუფების სამართლიანი ინტერესების გათვალისწინებით, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურობითა და კიდევ უფრო მეტი ჩართულობითაა შესაძლებელი.  

თემატური პოსტები

© 2017 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.